ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

თურქეთში სამი წუთის ინტერვალით ორი მძლავრი, 6.4 და 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

GUARDIAN.GE – მაშველები ისევ ეძებენ თურქეთში ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორი ახალი მიწისძვრა მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 6.4 და 5.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, სადაც 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა მძლავრმა მიწისძვრამ თურქეთის და სირიის ნაწილი გაანადგურა.

ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 44 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათი ათასობით მოქალაქე სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.

20 თებერვალს, ორივე ქვეყანაში, წინა მიწისძვრების შედეგად მორყეული შენობები ჩამოინგრა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის ადგილობრივი დროით 20:04 საათზე (17:04 GMT) მოხდა, რასაც სამი წუთის შემდეგ 5,8 სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სამი ადამიანი დაიღუპა ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში, 213-მა კი დაზიანებები მიიღო. მან მოუწოდა ხალხს არ შევიდნენ პოტენციურად საშიშ შენობებში.