ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

თურქეთში მომხდარ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

GUARDIAN.GE – ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, მიწისქვეშა ბიძგები ლიბანსა და კვიპროსშიც იგრძნობოდა, იტყობინება BBC.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს. თურქეთში ოფიციალურმა პირებმა ჯერჯერობით 76-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს, დაზარლდა 10 ქალაქი, მათ შორის დიარბაქირი.

სირიაში 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული, როგორც ამას სახელმწიფო მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება უახლოეს საათებში.

ბევრი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების უზარმაზარი გროვის ქვეშ გადარჩენილების სამძებრო სამუშაოებს სამაშველო ჯგუფები აწარმოებენ.

თურქი სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.