საქართველო

თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ საგზაო პროექტების მონიტორინგი განახორციელა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად მიმდინარე საგზაო პროექტების მონიტორინგი განახორციელა.

თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფ. ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. აღნიშნული პროექტი-საავტომობილო გზის 3,5 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტით მოწყობის სამუშაოები, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „დაგის“ მიერ ხორციელდება.

დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად სოფ. ბარდუბანში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა-საუბნო გზის შეკეთება მიმდინარეობს. გზის არმირებული ბეტონით მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით შპს „გი-ან 2011“-ის მიერ მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღსადგენად მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის მიერ 1,5 მილიონი ლარი გამოიყო.