საქართველო

თენგიზ ცერცვაძე: „სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჩქაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში”

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ოდნავ მაინც რომ ჰქონდეს პროფესიული ან პიროვნული თავმოყვარეობა, საჩქაროდ უნდა წაიღოს უკან თავისი განცხადება და მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს კომიკურ სიტუაციაში იგდებს, – ასე შეაფასა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადება, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და საღი კომენტარის ფარგლებს მიღმაა.

„მე ასე მითხრეს, რომ ამ ადამიანს შეექმნა უხერხული სიტუაცია, ის მოექცა კრიტიკის ქვეშ, რადგან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს. უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, ეთქვა, ჩვენ კი ცუდი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ საქართველოზე ძლიერი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და იმათ იმიტომ აქვთ ნაკლები ინფიცირების შემთხვევები, რომ მონაცემები შეიძლება არ არის სწორი და შეიძლება აყალბებდნენ. ადამიანმა, რომელსაც ექვსი ათასზე მეტი ინფიცირებული ჰყავს და გუშინ შუადღიდან დღემდე 370 ინიფიცირებული დაემატა, როგორ შეიძლება თქვას, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა ან ეპიდზედამხედველობის სისტემა საქართველოსას სჯობია, თავი ჩაიყენა კომიკურ მდგომარეობაში. საქართველოში სულ 728 ადამიანი ინფიცირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში რომ გამოკვლევების ხარისხია, ასეთს ვერ დაიკვეხნის სომხეთი კი არა, ძალიან ბევრი ქვეყანა რეგიონში, რადგან, საქართველოში მუშაობს ლუგარის ცენტრი, რომლეიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიაა.

„სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ შეიძლება ასეთ ლაბორატორიაში გაკეთებული კვლევის შედეგები დააყენო ეჭვქვეშ და თქვა რაღაც სისულელე, რომ სომხეთს შეუძლია, უკეთესად გააკეთოს გამოკვლევები. საქართველოში გამჭვირვალედ არის მოწყობილი ყველაფერი, ყველა ტესტის შედეგი იტვირთება ელექტრონულ ბაზაში, ყველა ტესტი კონტროლდება ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ყველაფერი კონტროლდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და საქართველოს შედეგები ითვლება ძალიან სანდოდ. ჯერ არც ერთ ქვეყანას, არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუციას არ შეუტანია ეჭვი საქართველოს სტატისტიკის სანდოობაში. სომხეთში კი, არ ვარ დარწმუნებული, რომ რეალური სტატისტიკაა, თუმცა ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის და ამაზე არ ვისაუბრებ. ყველა ექსპერტი აღნიშნავს საქართველოს განსაკუთრებულ წარმატებას, საუბრობენ საქართველოს მოდელსა და ფენომენზე. ყველაფერი ამის შემდეგ, ერთი ქვეყნის ერთი მინისტრი გამოდის და ამბობს არაკორექტულ რაღაცებს. მას რომ ოდნავ მაინც ჰქონდეს პროფესიული თავმოყვარეობა ან პიროვნული, საჩქაროდ უნდა წაიღოს უკან თავისი განცხადება და მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს კომიკურ სიტუაციაში იგდებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, როგორც ამას „პირველი არხი“ იტყობინება.