საქართველო

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე ჩატარებული კვლევიდან, „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე მცირე კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა, რაც გამოკვლეულთა დაახლოებით 0.6 პროცენტია.

მისივე განცხადებით, ეს ნიშნავს არა მათ ავადობას, არამედ იმას, რომ ისინი სეროპოზიტიურები არიან და ანტისხეულები აქვთ.

„გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას მოსახლეობაში, ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები ჯერ საბოლოოდ არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, როცა ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით, გვყავს 6-10 პროცენტი. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი, ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, დაზუსტებული მონაცემებით ექვსი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა. ანუ, გავითვალისწინოთ, რომ კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ მოსახლეობაში. გამოვიკვლიეთ 1000 კაცი, აქედან ექვს ადამიანს აღმოაჩნდა „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ეს ექვსი კაცი არის ავადმყოფი, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, კვლევა სწრაფი, მარტივი ტესტით ჩატარდა და არა „პისიარ“ მეთოდით.