მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა ნიღაბი მოიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავადმყოფოში სამდღიანი ყოფნის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა და კორონავირუსზე მკურნალობას იქ განაგრძობს. თეთრი სახლის აივანზე მან ნიღაბი მოიხსნა და ისე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

„თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ მისცეთ მას საშუალება იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ საავადმყოფოს დატოვებამდე. „მე თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინათ ვგრძნობდი“, დაამატა პრეზიდენტმა. მან სოციალურ ქსელში ისიც განაცხადა, რომ მალე დაუბრუნდება საარჩევნო კამპანიას.

ტრამპმა ასევე ვიდეო გზავნილი გაავრცელა და დაჟინებით მოუწოდა ამერიკელ ხალხს სამუშაოებს დაუბრუნდნენ.

„თქვენ დაამარცხებთ მას [კორონავირუსს]“. ჩვენ საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა გვაქვს, ჩვენ საუკეთესო წამლები გვაქვს, რომლებიც ახლახან განვავითარეთ“.

მან დაამატა: „ჩვენ მოწინავენი ვიქნებით. როგორც თქვენს ლიდერს, მე ეს უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ეს საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა. მე დავდექი წინა ხაზზე და გაგიძეხით… მე ახლა უკეთესად ვარ, შესაძლოა იმუნიტეტი გამოვიმუშავე, არ ვიცი“.  

იგი ამერიკელებს ასევე დაჰპირდა, რომ ვაქცინა „მომენტალურად გამოვა“, თუმცა როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, მოელიან, რომ ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი 2021 წლის შუა პერიოდში იქნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 7.4 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვლილია 210 000 ადამიანი.

გასულ უქმეებზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ კვლავ რჩება შეკითხვა, რამდენად სერიოზულია ტრამპის ავადმყოფობა.

GUARDIAN.GE