საქართველო

თეა წულუკიანი: კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“, რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისთვის“

კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“, რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისთვის“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას, რომ „ძალიან მძიმე იყო ორგანიზაციის მიერ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია“.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა „მძიმე მდგომარეობაა“, ხოლო თქვენი „შეცდომის“ გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის,სავარაუდოდ, ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“ (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“ – წერს თეა წულუკიანი „ფეისბუქში“.