საქართველო

თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ ვიხილეთ, ეს მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურებაა, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ


ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ ვიხილეთ, ეს მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურებაა, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ, – განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ყველამ ვიხილეთ ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, პირველი შემთხვევაა, როდესაც მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენი ნებართვით მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთელ შემადგენლობას და ალბათ არავინ მიწყენთ, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები.

ასევე ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის მადლობა ეფუძნება იმას, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდაისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. მე მიკვირს, როცა ადამიანებს არ მოსწონთ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.