საქართველო

თბილისში, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოების შედეგად, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 4 000 კვ.მ ფართობზე  ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო. 

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. 

“ჰომერის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო, მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. მიმდინარე წელს, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში უკვე ოთხი ქუჩა კეთილმოეწყო“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, კომპანიამ „L&L” შეასრულა.