საქართველო

თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ  თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული 252 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.  

კომისიის სხდომა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

„დღეს დაიწყო კომისიამ მუშაობა, რომელიც დევნილთა განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი გამჭვირვალედ  წარიმართოს და მათი მოთხოვნის შესაბამისად, სრულ კონტროლზე იქნას აყვანილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  

ამ ეტაპზე,  თბილისში 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით,  წინასწარ განისაზღვრა თუ რამდენ ქულიანი დევნილი ოჯახები დაექვემდებარებოდნენ მონიტორინგს.   

დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს.  მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. 

კომისია, რომლის შემადგენლობაში სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან, თითოეული დევნილი ოჯახის საკითხს განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა  და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.

252 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღებს.