საქართველო

თბილისში, დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, მიკროავტობუსები გაჩერებას ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე,  ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩებზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

 „ზუსტად ერთი წლის თბილისის მერიამ მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები აამოქმედა. ადრე, მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ. ეს ქალაქში ყველანაირი თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ შარშან, როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, 14 ცენტრალური ქუჩა შევარჩიეთ. ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და მიკროავტობუსების მძღოლები დავავალდებულეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში გაეჩერებინათ. ამ რეგულაციებმა გაამართლა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური მიდგომა დამატებით, 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთებშიც გადაჭრან, რაც პირველ რიგში, მათი უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა აღნიშნულის გამო და საცობების თვალსაზრისითაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ და მისი მოწესრიგება ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.