საქართველო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს

20 აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Transavia დაიწყებს.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის, რადგან ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიებისთვის სტრატეგიულ სამიზნე მიმართულებაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს პოპულარიზაციას, მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, რათა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად და ღირსეულად წარმოვადგინოთ ნიდერლანდებში, შედეგად, პირდაპირი რეისებით მივიღოთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საავიაციო და ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ავიაციის სექტორების მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება. აღნიშნული შედეგი, პირველ რიგში, აძლიერებს ადგილობრივ მეწარმეებს, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკას.

ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ ‘’Routes EUROPE-‘’ისა და ‘’Routes World-ის“ ფარგლებში აწარმოა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

Transavia ნიდერლანდების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.