საქართველო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 80 000 ლარის ნაცვლად 40 000 ლარის გირაო შეუფარდა და აღნიშნული თანხის გადახდისთვის ერთი თვის ვადა განსაზღვრა.

სხდომა საქალაქო სასამართლოში 10 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყო 11 აგვისტოს 00:40 საათზე დასრულდა, გადაწყვეტილება კი ოდნავ მოგვიანებით გახდა ცნობილი. საკითხი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა განიხილა.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ მიმართა და აღკვეთის ღონისძიებად 80 000 ლარის გირაოს შეფარდება და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოითხოვა. მოსამართლემ გირაოს ნაწილი მხოლოდ 40 000 ლარით დააკმაყოფილა, ხოლო ქვეყნის დატოვების აკრძალვა კი სრულად გაითვალისწინა.

გვარამიამ განაცხადა, რომ იგი დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნიკა გვარამიასთვის გირაოს მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს 25-ჯერ აქვს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი და ჰყავს სანაცნობო წრე საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაძლოა, ნიკა გვარამია მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

„ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულ უნდა იქნეს გირაო… აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოიყენება, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და მტკიცებულებების მოპოვებას“, განაცხადა პროკურორმა.

ბრალდების მხარემ განმარტა, თუ რატომ ითხოვდა პროკურატურა გირაოს სახით 80 ათასი ლარის შეფარდებას.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე… ასევე, ის ფლობს აგარაკს. ამასთან, სამაუწყებლო კომპანიაში მუშაობის პერიოდში მას ხელფასის სახით აღებული აქვს საკმაოდ სოლიდური თანხა – ჯამში ეს გახლავთ, 4 მილიონი ლარი, მათ შორის, 2019 წელს, ეს არის 300 ათას ლარზე მეტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად გირაოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 80 ათასი ლარი“, განაცხადა პროკურორმა.

ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილება მოითხოვა. მისი თქმით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები აგრესიულები არიან. მან აღნიშნა, რომ პროკურორებს არ სურთ სიმართლის დადგენა და მათ დავალების შესრულება უნდათ.

გვარამიამ პროცესზე არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

guardian.ge