საქართველო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად კი უმრავლესობის წევრები – გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე აირჩეს.

გიორგი ტყემალაძე მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებით გახდა. სხდომას 43 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ისინი ახალი საკრებულოს პირველ სხდომაზე ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ. როგორც მათ განმარტეს, დღევანდელი პროტესტის მიუხედავად, ისინი მომავალ სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ.

გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

საკრებულოს სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი წევრი ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.

თბილისის საკრებულოში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. მმართველ პარტიას 29 დეპუტატი ჰყავს, 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდან არის, მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 – პარტია „საქართველოსთვის“, 2 -„ლელოდან“, ერთი კი, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელია.