საქართველო

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, შედგება ახალი მარშრუტები, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში მოქალაქეების გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გასამარტივებლად, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანით, თუ ახალი მიკროავტობუსების შეძენითაა განპირობებულია. ასევე, ახალ მარშრუტებს ვადგენთ, რადგან არსებობს მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მეტროსთან დუბლირების შემთხვევები. ეს ყველაფერი დარეგულირდება, მოწესრიგდება და მოსახლეობას წარვუდგენთ პრეზენტაციას, თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები, რა ნომრები შემოდის, თითოეული მათგანი რა მიმართულებით იმოძრავებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს მეტი კომფორტი შევუქმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი მარშრუტების პრეზენტაცია პარასკევს, 23 ოქტომბერს გაიმართება.