საქართველო

თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას აქვეყნებს

თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროვებს. ყიფიანი თბილისის პროკურატურაში, კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

„ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს ,,ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდ „პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს „ოლიმპუსის’’ დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 07.04.2014 წელს გაიცა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე”, აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ ზაზა ოქუაშვილის ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიასთან შეხვედრის ორგანიზება მან მოახდინა. როგორც ყიფიანი თბილისის პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ჩვენებაში აცხადებს, ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა.

„იმ პერიოდისათვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად საფრთხე ექმნებოდა ომეგა ჯგუფის საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს. ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენითან გიორგი გახარიასთან და აგრეთვე ბიძინა ივანიშვილთან….

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით. ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებასა და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც დიდ ინვესტიციას მოითხოვდა და რაზეც ბიძინა ივანიშვილმა დახმარება აღუთქვა. კერძოდ, განუმართა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა, გაეწერა, როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ, შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას, რომ დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს”, აცხადებს ლევან ყიფინია. როგორც იგი ჩვენებაში ამბობს, აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოების კუთხით არსებულ პრობლემებსა და „რაღაც კრედიტზეც” იყო.

„ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში, მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად ამ პროექტის განვითარებისათვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად.

აღნიშნულ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან შპს „ოჯთ”-ის საგადასახადო დავალიანება როგორც მახსოვს იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე განგვიახლდა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაგვივადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო. მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე ასევე იმდროინდელ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ასევე გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო, მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია იმ პირობით რომ ომეგა ჯგუფი დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა. ამავდროულად, ამ შეხვედრაზე ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გასამმაგდებოდა.

მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა ომეგას მიერ გადახდილი და ამავდროულად, ის იდეა, რაზედაც ზემოთ აღვნიშნე, რომ მომხდარიყო ბატონ ბიძინას მხარდაჭერით საერთო ბიზნესის წარმოება არ განხორციელდა, მე დავტოვე ომეგა ჯგუფი და გარკვეული პერიოდი აღარ დავდიოდი ოფისში, წასული ვიყავი კომპანიიდან”, აცხადებს ლევან ყიფიანი ჩვენებაში, რომელიც დღეს თბილისის პროკურატურამ გაასაჯაროვა.