საქართველო

თბილისის მეტრო დღეს განაახლებს მუშაობას

თბილისის მეტრო 6 ივნისს, 14:00 საათიდან ამუშავდება, განაცხადა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის“ გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ, რომლის თქმითაც თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ მეტროს თანამშრომელთა ხელფასების 45% -იანი მატება უახლოეს მომავალში გადაწყდება და ეს ეტაპობრივად მოხდება.

ამ განცხადების გაკეთებამდე კაპანაძე გვიან ღამით თბილისის მერიაში დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და ვიცე-მერს შეხვდა, რის შემდეგაც მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა შეწყვიტეს.

გლდანი დეპოს ტერიტორიაზე კარვები უკვე აღებულია.

მემანქანეები სამშაბათ საღამოს აცხადებდნენ, რომ თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდებოდა შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაეზრდებოდათ, მუშაობას ოთხშაბათს, დილიდანვე განაახლებდნენ.