საქართველო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 35 პაციენტია განკურნებული და ტესტირება კვლავ გრძელდება.

„გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა. აქედან ცხრა იყო განმეორებითი, აქედან ექვსი გამოჯანმრთელებული იყო. სამი იყო ისეთი, პირველად რომ უარყოფითია და ახლა ჩატარდება განმეორებითი ტესტირება. დანარჩენი ორი დადებითი ახალი შემთხვევა და 13 უარყოფითი გვქონდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა.