საქართველო

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა – პირველ ეტაპზე 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა იგეგმება

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა აუცილებელია 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის.

„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. კალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ ამ მიმართულებით არავის უფიქრია. ერთადერთი დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.

„პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ავტობუსების შესყიდვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება.

„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ, მომავალი წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის – 2024 წლის მეოთხე კვარტალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.