საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები

არც ერთ შემთხვევაში არ არსებობს იმის გარანტია, რომ უმრავლესობის ყველა წევრი დაუჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამისათვის საჭირო იქნება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მან აღნიშნა, რომ არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთაც შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მიაჩნიათ ქვეყნისთვის აუცილებელ და სწორ ფორმად.

„ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113- ზე მეტი ხმა, „ქართულ ოცნებას“ კი ამ ეტაპზე აქვს 106 ხმა. შესაბამისად, უბრალოდ არ იქნება. ყველამ რომც დაუჭიროს მხარი, მაინც არ გვეყოფა ხმები და მაინც დაგვჭირდება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კანონპროექტისთვის ხმის მიცემა. რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მათგანისთვის მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა. თქვენ იცით, რომ არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ის არის ქვეყნისთვის აუცილებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.