საქართველო

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობაში კი, საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება. 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას“, აცხადებს ჩუგოშვილი და გადაწყვეტილების მიზეზებზეც საუბრობს.

„დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა, რეგლამენტი განხილული იყო 15 კომიტეტზე და 15-ვე კომიტეტზე ეს საკითხი დადგა. თითქმის არ დარჩენილა პარლამენტის წევრი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ ჰქონოდა. ძირითადი არგუმენტები და პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღების არის რამდენიმე. ერთი არის, რომ თითქმის შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. მეორე, არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. მესამე, როდესაც გვინდა პარლამენტის გაძლიერება და საზედამხედველო ფუნქციები, მთავრობა სხვა ქალაქში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ძალიან ართულებს საქმეს”, განაცხადა ჩუგოშვილმა.