საქართველო

თამარ ჟვანია: თითქოს, არჩევნები გაყალბებულია, ძალიან არასწორია, შეცდომები შეიძლება იყოს ტექნიკური-მექანიკური

„ცესკოს“ თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, აცხადებს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, შედეგების შეყვანა და დამუშავება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ მონაცემები საბოლოო და ოფიციალური არ არის.რაც შეეხება შეცდომებს, ჟვანია აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ტექნიკური და მექანიკური შეცდომები ყველა არჩევნებზე ხდება. ამასთან, ზოგიერთი ოქმი, შეიძლება, არასწორადაც იყოს შევსებული, მაგრამ ისინი გადაიხედება.


„შეცდომები არ არის, რა თქმა უნდა, ახალი და ეს არ ხდება პირველად არჩევნებზე. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა. არის ხოლმე, როცა არასწორად ივსება ოქმი. მაგრამ დღეს რაც ხდება, კამპანიური ხასიათის, მედიით და სოციალური ქსელით დატრიალებული ოქმები, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბებულია, ძალიან არასწორი ხასიათი აქვს ამას,“ – აღნიშნავს თამარ ჟვანია.


ჟვანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი, ასევე, თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა.


„თამარ ჟვანია ისეთ შემთხვევაში მიიღებს იმ გადაწყვეტლებას, რომელზეც ეხლა თქვენ საუბრობთ, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, აკურატულად გადმოცემული,”- განაცხადა მან.