საქართველო

თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. 14-15 იანვარს ნატოს შტაბ-ბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი რანგის სამხედრო პირები ორი დღის განმავლობაში გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.  
  
 14 იანვარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის  სხდომას „მტკიცე მხარდაჭერის“ (RSM) მისიის ფორმატში (Meeting of the Military Committee in Chief of Defence Staff Session with RSM Operational Partners) დაესწრო. შეხვედრაზე მონაწილეებმა არსებული უსაფრთხოების გარემო, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მისია და გამოწვევები განიხილეს.
 
 15 იანვარს ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სხდომა (Meeting of the Military Committee in Chief of Defence Staff Session with the Invitee and Georgia) გაიმართა. შეხვედრაზე ალიანსის წევრი ქვეყნის თავდაცვის ძალების მეთაურებმა გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ხოლო გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა შიუკაშვილმა დამსწრეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ყურადღება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.