საქართველო

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნულ სამუშაო შეხვედრას სიტყვით მიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე „განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სერჟანტთა კორპუსის განათლების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მისი განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები პრინციპის – მეტი ნატო საქართველოში – კონკრეტული გამოხატულებაა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და ნატოს შორის კავშირი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ემსახურება.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძეც მიესალმნენ.

რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისათვის სერჟანტთა განვითარების ჩარჩო დოკუმენტის გაცნობა, სერჟანტთა საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხის და სერჟანტთა განათლების ინიციატივების ეროვნულ დონეზე განხილვა და მათი ორმხრივ ფორმატში განხორციელებაა.

სამუშაო შეხვედრას 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავარი სერჟანტები, ასევე ნატოს ოპერაციების და ტრანსფორმაციის სარდლობების (Allied Command Operations and Allied Command Transformation) მთავარი სერჟანტები.
ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა 2017 წელს ჩატარდა, სადაც სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის პროგრამა განიხილეს. მე-2 სამუშაო შეხვედრა კი, 2018 წელს ჩატარდა. მხარეებმა ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების (PFP) სერჟანტთა განათლება და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე გამართეს დისკუსია.