საქართველო

თავდაცვის მინისტრმა „ვალიანტის“ პროგრამის უფროს მენეჯერს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, „ვალიანტის“ (CUBIC -ს სახელი შეეცვალა და „ვალიანტი“ ეწოდა ) პროგრამის უფროს მენეჯერს, რობერტ ფორესტერს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე საუბრისას, მინისტრმა თავდაცვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში პროგრამის ხელმძღვანელების წვლილიც გაიხსენა. დღესვე ლევან იზორიამ საქართველოში პროგრამის მენეჯერს, გრეგორი კანატას მადლობის სერტიფიკატი გადასცა, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში პროგრამის მენეჯერის მოადგილე, დი ესპლინი დაესწრნენ.

პროგრამის უფროსი მენეჯერის ვიზიტი მიზნად აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი პროგრამის მიმდინარეობის ადგილზე გაცნობას ისახავს.

აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს 2003 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას. მათ შორისაა თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდება სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე, თავდაცვის დაგეგმვაზე, პროფესიულ სამხედრო განათლებაზე, ლოგისტიკასა და რესურსების მართვაზე. მეორე ჯგუფი თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGSC) ჩამოყალიბებაში უწევს დახმარებას. მესამე ჯგუფი კი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისს“ გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების პროგრამის JCATS და MILES ტაქტიკური სიმულაციური საშუალებების გამოყენება-უზრუნველყოფაში ეხმარება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.