საქართველო

თავდაცვის მინისტრი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისში გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს პარლამენტში გაიხსნა, სადაც სიტყვით თავდაცვის მინისტრი გამოვიდა. ლევან იზორიამ აქცენტები უსაფრთხოების სფეროსა და სამშვიდობო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გააკეთა. „მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უდიდეს კონსტრიბუციას ეწევა მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ჩვენ გვსურს, წესებზე დაფუძნებული სამყაროს განმტკიცება ჩვენი თანამონაწილეობით და ვიყოთ ღირსეული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისა მსოფლიოში, მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში“.- განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელში, თემაზე „ადამიანის უფლებების ფაქტორები“. ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვასა და ამ კუთხით რეფორმების გატარებაზე, ასევე უწყების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება წვევამდელთა ახალ სისტემაზე, ეთნიკური უმცირესობების მაღალ ჩართულობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, გენდერული მრჩევლების ინსტიტუტის შემოღებაზე, სამოქალაქო და ქვეყნის თავდაცვით პასუხისმგებლობის ამაღლებასა და უფლებების რეალიზების შესაძლებლობებზე გაამახვილა. მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის შეუქცევადობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრესი სწორი პოლიტიკით და შესაძლებლობების უზრუნველყოფით მიიღება.