საქართველო

ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა და ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადაეცა

ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა და ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დღეიდან, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში, განახლებული ავტოპარკით გააგრძელებს. ადმინისტრაციული შენობა დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა და თანამშრომლებს განხორციელებული სიახლეები პირადად მიულოცა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. რაც შეეხება განახლებულ ავტოპარკს, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ჯამში – 5 ახალი, სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მათგან 4 სასწრაფო დახმარების მანქანაა, ხოლო ერთი – რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 25 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 28 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.