საქართველო

„ზემო სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“ – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)

„ზემო-სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“, აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ეპისკოპოსი მიუღებლად მიიჩნევს, რომ „კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი“ პროექტის ხორცშესხმას“ – საუბარია ჰესების მშენებლობაზე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსისთვის „ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ“.

„მინდა გამოვეხმაურო ზემო სვანეთში, კერძოდ, მესტიაში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც იმ კუთხის შვილმა, სადაც არის ჩემი მამა-პაპათა ძვალთ შესალაგი, რომელთაც დღემდე მოუტანიათ ის სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა და მიწა-წყალი, რითაც თითოეული ქართველი თავს იწონებს მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას არ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და არ თანავუგრძნო სვანეთში მიმდინარე პროცესებს. მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხალხი არის ხელისუფლების არსებობის მთავარი წყარო, მათ ხმას გულდასმით უნდა უსმენდნენ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ვფიქრობ, უნდა იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით მიღებული. ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი“ პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ. ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფოსთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, ისე, რომ არ შეფერხდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემო-სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“, აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

შაბათს დაბა მესტიაში „მესტია ჭალაჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადგილზე მდგომარეობის განსამუხტად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ჩავიდა, თუმცა აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მაია კახიანის განცხადებთ, ადგილობრივებთან მის მიერ გამართულ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია და მინისტრის მოადგილესა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

„გვითხრა, რომ გვიშუამდგომლებს ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ დათმობას არ ვაპირებთ. ახლა რომ ეს ტექნიკა გავატაროთ, ისევ გააგრძელებენ სამუშაოებს და ყურადღებას არავინ მოგვაქცევს“, განაცხადა მაია კახიანმა.

დაბა მესტიაში მოსახლეობამ შაბათს გზა გადაკეტა და ჰესის მშენებარე ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა და მანქანები არ გაატარა.