საქართველო

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდე

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდება.

პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, ელექტროგადამცემი ხაზების გადატანა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის დამცავი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის უკვე აშენებული 5 კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა ექსპლუატაციაში.

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.