ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ზელენსკი თეთრი სახლიდან ცარიელი ხელებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის ტომაჰავკის რაკეტების მიწოდებისთვის მზად არ არის

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის შეხვედრიდან ცარიელი ხელებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის არ იყო მზად უკრაინისთვის მოთხოვნადი Tomahawk-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდებისთვის.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან და ტრამპმა ისაუბრეს შორეული რადიუსის რაკეტებზე, მაგრამ გადაწყვიტეს არ გააკეთონ განცხადებები ამ საკითხზე, „რადგან შეერთებულ შტატებს არ სურს ესკალაცია“.

შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ ქსელში მოუწოდა კიევს და მოსკოვს „შეჩერდნენ იქ, სადაც არიან“ და დაასრულონ ომი.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტომაჰავკის გამოყენება რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკული ობიექტების დარტყმისთვის, სერიოზულად შეასუსტებს პუტინის ომის ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა არ გამორიცხა ეს, მისი ტონი თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრისას არ იყო დამაჯერებელი.

„ვიმედოვნებთ, რომ მათ ეს არ დასჭირდებათ, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ომის დასრულებას ტომაჰავკის შესახებ ფიქრის გარეშე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამერიკას ეს იარაღი სჭირდება.

ტრამპმა თქვა, რომ რაკეტების გაგზავნა იქნება „ესკალაცია, მაგრამ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ“.

BBC-ის კითხვაზე, აიძულა თუ არა ტომაჰავკებმა პუტინი შეხვედროდა ტრამპს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ამის [რაკეტების] საფრთხე კარგია, მაგრამ ამის საფრთხე ყოველთვის არსებობს“.

ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინას შეეძლო უპილოტო თვითმფრინავების შეთავაზება ტომაჰავკების სანაცვლოდ, რამაც ტრამპს ღიმილი მოჰგვარა.

ზელენსკიმ ასევე შეაქო ტრამპი მისი როლისთვის ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის უზრუნველყოფაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ დინამიკაზე დაყრდნობით, აშშ-ის ლიდერს უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად დახმარება შეეძლო.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ ევროპელ ლიდერებს დაურეკა, რათა ტრამპთან შეხვედრის დეტალები გაეზიარებინა. მან დასძინა, რომ „მთავარი პრიორიტეტი ახლა არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტირება და ევროპაში ყველას გაძლიერება“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კერ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან საუბარი „პროდუქტიული“ იყო და პირობა დადო, რომ „დიდი ბრიტანეთი განაგრძობს [უკრაინისთვის] ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო მხარდაჭერის გაგზავნას“.

ბოლო დღეებში ტრამპმა ღიად გამოხატა ტომაჰავკების უკრაინისთვის მიყიდვის შესაძლებლობა, თუმცა პუტინმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო დაძაბავდა აშშ-რუსეთის ურთიერთობას.

ხუთშაბათს, ტრამპმა თქვა, რომ „დიდ პროგრესს“ მიაღწია პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, როდესაც ისინი შეთანხმდნენ უნგრეთშიპირისპირ მოლაპარაკებების გამართვაზე, რაც ტრამპის ინფორმაციით, „მომდევნო ორი კვირის განმავკლობაში გაიმართება“.

კითხვაზე, იქნება თუ არა ზელენსკი ამ მოლაპარაკებებში ჩართული, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ, მის გვერდით მჯდომმა განაცხადა, რომ პუტინი და ზელენსკი „დანა-სისხლად არიან გადაკიდებული“.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველასთვის კომფორტული იყოს“, – თქვა ტრამპმა. „ვიქნებით სამეული, მაგრამ შეიძლება განცალკევებულიც ვიყოთ“. მან დასძინა, რომ სამი ლიდერი „ერთად უნდა შეიკრიბოს“.

GUARDIANGE