ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ზელენსკის განცხადებით, უკრაინისკენ იარაღი და აღჭურვილობა მიემართება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „თვითერზე“ დაწერა, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო: „იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა ჩვენი პარტნიორებისგან უკრაინისკენ მიემართება. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს“, – წერს ზელენსკი.

მანამდე მან „თვითერზე“ თავისი თავისთვის გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი კიევის ცენტრალური ქუჩიდან მიმართავს თანამემამულეებს და უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს მან მოუწოდა უკრაინის არმიას დანებდეს რუსულ ჯარებს.

„ინტერნეტში ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, რომ მე მოვუწოდებ ჩვენს არმიას დაყარონ იარაღი, და რომ ევაკუაცია მიმდინარეობს. მე აქ ვარ. ჩვენ არ დავყრით ჩვენს იარაღს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს“, – ამბობს ზელენსკი კიევიდან, გოროდეცკის სახლის ფონზე.

უფრო ადრე, უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე ცხარე ბრძოლების ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაჟინებით მოუწოდა თავის თანამემამულეებს „მტკიცედ დადგნენ“ აგრესორის წინააღმდეგ და უარი უთხრა ამერიკელებს მისი ევაკუაციის დახმარებაზე . „ბრძოლა აქ არის“, – თქვა მან.

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ასეულობით ადამიანია დაღუპული, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

უკანასკნელი ცნობებით, უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში ბრძოლები მთელი ღამე გრძელდებოდა. მშვიდობიანი მოქალაქეები თავის შეფარებას სარდაფებში და მეტროსადგურებში ცდილობენ.

კიევის ქუჩებში ბრძოლები გამთენიისას უფრო ინტენსიური გახდა, როგორც ამას BBC უკრაინის დედაქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

„ამ მომენტში ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს“, – ნათქვამია კიევის მერიის განცხადებაში. დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს დარჩნენ თავშესაფრებში და არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს და აივნებს.

იმ ფონზე, როცა რუსული საჯარისო ნაწილები უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს კიევის დატოვებაში დახმარების გაწევაზე.

უკრაინის ინტერნეტმომსახურების მხრივ შეფერხებები იყო, რაც გავრცელებული ცნობებით, კიევთან ახლოს ელექტროსადგურებზე რუსების თავდასხმას უკავშირდება.

უკრაინული არმიის განცხადებით, მათ უკან დაახევინეს რუსულ შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე ადგილას, მათ შორის მთავარ, „გამარჯვების გამზირზე“.

რუსული სამხედრო ძალები კი აცხადებენ, რომ ხელში ჩაიგდეს საკვანძო აეროპორტი მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ბირთვულ ქარხანაზე კონტროლი დაამყარეს და ათეულობით უკრაინული სამხედრო ობიექტი გაანადგურეს, თუმცა როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, არც უკრაინის და არც რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი განცხადებები არ არის დამოუკიდებლად გადამოწმებული.

მზარდი ნიშნების არსებობს იმისა, რომ რუსეთი შეიძლება შეეცადოს უკრაინის მთავრობის დამხობას, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღწერეს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი.

ბლინკენი „დარწმუნებულია“, რომ პუტინი უკრაინის მთავრობის დამხობას შეეცდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი „დარწმუნებულია“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება უკრაინის მთავრობის დამხობას.

ამერიკულ მაუწყებელთან, ABC-ისთან ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ ეს იყო „რუსული გეგმის ნაწილი“, თავს დასხმოდნენ დედაქალაქ კიევს და სხვა მსხვილ ქალაქებს უკრაინაში, ასევე მრავალმხრივი თავდასხმა განხორციელებიათ ქვეყანაზე ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის საზღვრებიდან.

ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინის ფარგლებს გარეთ თავდასხმის „შესაძლებლობა“ არსებობს, მაგრამ გაიმეორა აშშ-ის ვალდებულება დაიცვას ნატოს მოკავშირეები და გააფრთხილა რუსეთი, რომ „ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ნატოს ყველა წევრზე“.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი პრეზიდენტ პუტინის უკრაინის ფარგლებს გარეთ მოქმედების წინააღმდეგ“, – თქვა მან.

ბლინკენმა ასევე გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიცია, რომ აშშ-ის არსებული სანქციების გაფართოების შესახებ, რომლის პირდაპირი სამიზნე შესაძლოა მომავალში პუტინი იყოს და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა „კვლავ მაგიდაზე დევს“, თუკი სიტუაციის ესკალაცია მოხდება.

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ „არ არის ჩართული და არც ჩაერთვება“ რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში.

„ჩვენი ძალები არ წავლენ ევროპაში უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ დაიცავენ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და გარანტიებს მისცემს ჩვენს მოკავშირეებს აღმოსავლეთში. შეერთებული შტატები დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს ამერიკული სახელმწიფოს მთელი ძალმოსილებით“, – განაცხადა ბაიდენმა.

უკრაინას აშშ დაეხმარება

ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს კონგრესს უკრაინის დასახმარებალდ 6.4 მილიარდი აშშ დოლარის დამტკიცების თხოვნით მიმართა. აშშ-ის ოფიციოზის თანახმად, თხოვნა მოიცავს 2.9 მილიონი დოლარის დახმარებას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით, უკრაინისა და მისი მეზობლებისთვის.

ფული გადაუდებელი დახმარების სახით უნდა იყოს გაცემული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.

დაფინანსების პაკეტი ასევე მოიცავს 3,5 მილიარდ აშშ დოლარს, რაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს კრიზისზე რეაგირებაში დაეხმარება.

„ბლუმბერგი“ იტყობინება, რომ დახმარება შეიძლება გაერთიანდეს სახელმწიფო ხარჯების დიდ პაკეტში, რომელსაც ამჟამად კონგრესი განიხილავს. მოსალოდნელია, რომ ახალი დაფინანსება დაემატება იმ ფულს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო უკრაინისთვის გასული წლის განმავლობაში. ეს პაკეტი მოიცავდა 650 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას, 52 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას და 1 მილიარდი აშშ დოლარის სუვერენული სესხის გარანტიას.

პუტინის მოწოდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 25 თებერვალს, უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამხახურეებს მიმართა, რომ ხელში აიღონ ძალაუფლება.

მან თქვა, რომ ბანდეროველებმა (მეორე მსოფლიო ომის ანტი-საბჭოთა მებრძოლის, სტეფან ბანდერასთან კავშირში არსებული გამოთქმა) და ე.წ. ნეო-ნაცისტებმა „განათავსეს მძიმე შეიარაღება, მათ შორის ზალპური სარაკეტო სისტემები“ ქალაქებში, კიევის და ხარკოვის ჩათვლით. როგორც BBC წერს, „ნეო-ნაცისტებს“ პუტინი რეგულარულად იყენებს უკრაინის მთავრობის დასაცინად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, რომელიც ებრაელია, იგნორირება გაუკეთა ამ ტერმინს.

პუტინმა განაცხადა: „ისინი მოქმედებენ, როგორც ტერორისტები მსოფლიოში, ფარად იყენებენ ადამიანებს იმისათვის, რომ ბრალი დასდონ რუსეთს, თითქოს ის იწვევს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობას შორის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს უცხოელი მრჩეველების, პირველ ყოვლისა, ამერიეკელი მრჩეველების რეკომენდაციით ხდება“.

ამის შემდეგ პუტინმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმართა: „მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს. არ მისცეთ უფლება ნეო-ნაცისტებს და ბანდეროველებს, გამოიყენონ თქვენი შვილები, თქვენი ცოლები და მოხუცები, როგორც ცოცხალი ფარი. საკუთარ ხელში აიღეთ ძალაუფლება. როგორც ჩანს, თქვენთან უფრო ადვილად შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, ვიდრე ნარკომანთა და ნეო-ნაცისტთა ბანდასთან კიევში“.

პუტინმა უკრაინასთან მინსკში „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებების მზადყოფნა გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბირსას „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოხატა, იტყობინება BBC-ის რუსული სამსახური ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისთან მოლაპარაკებებისთვის არის მზად პუტინი. თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.

უფრო ადრე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა პუტინს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.

მანამდე, თავად პუტინმაც გაოხატა უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა, ოღონდ იმ დათქმით, რომ საკითხი უკრაინის ნეიტრალიტეტს და მის ტერიტორიაზე შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმას უნდა შეხებოდა. ეს საკითხი პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს გაახმოვანა, დღეს კი თემას ისევ დაუბრუნდა, ოღონდ უფრო მეტი კონკრეტიკით.

კრემლის პოზიცია ამჯერადაც უცვლელია და ოფიციალურ კიევთან მოლაპარაკებები „ნეიტრალური სტატუსის“ გარშემო უნდა წარიმართს, რომელიც უკრაინის დემილიტარიზაციას უნდა მოიცავდეს.

პესკოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის სურვილის შესახებ, რომ მზად არის უკრაინასთან მოლაპარკებების გასამართად და უკვე კონკრეტული ადგილიც დაასახელა – ბელარუსის დედაქალქი მინსკი. აღსანიშნავია, რომ მინსკის 2014 წლის შეთანხმება, რომელსაც დონბსასის რეგიონში კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, პუტინმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, როგორც უმოქმედო დოკუმენტი, გაუქმებულად გამოაცხადა.

პესკოვის განცხადებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოლაპარაკებები არ გაიმართება, ვიდრე უკრაინის სამხედრო ძალები იარაღს არ დაყრიან.

ზელენსკის პასუხი

როგორც ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „როიტერსს“ განუცხადა, უკრაინას მშვიდობა სურს და მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ნეიტრალიტეტის საკითხის განსახილველად.

მოგვიანებით თავად ზელენსკიმაც განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ნეიტრალიტეტზე სასაუბროდ, მაგრამ საკითხავია რა გარანტიები ექნება მას და ვისგან.

„მე დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია, არ პასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. ჩვენ არ გვეშინია ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. ჩვენ არ გვეშინია რუსეთის, ჩვენ არ გვეშინია რუსეთთან საუბრის…. ჩვენ არ გვეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბრის. ჩვენ ხომ ახლა ნატოში არ ვართ. მაგრამ რა გარანტიები გვექნება? და ყველაზე მთავარი, კონკრეტულად რომელი ქვეყნები მოგვცემენ გარანტიებს?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

guardian.ge