ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა, უფრო მეტი იყოს სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში, ვიდრე ეს ბუჩაში იყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტი იყოს ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში, ვიდრე ეს ბუჩაში ვიხილეთ.

„უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტი იყოს ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში. კიევის ოლქის ბევრ გათავისუფლებულ სოფელში, ჩერნიშევსა და სამის რეგიონებში, ოკუპანტებმა ისეთი რამეები გაუკეთეს ადგილობრივებს, რომელიც 80 წლის წიანთ ნაცისტების ოკუპაციის დროსაც კი არ უნახავთ. ამაზე პასუხისმგებლობა უდავოდ ოკუპანტებს ეკისრებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანია მოკლული, თუმცა მსხვერპლის საერთო რაოდენობა მოსალოდნელია რომ გაიზარდოს მას შემდეგ, რაც მთელი ქალაქი შემოწმდება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ ქალაქებში რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი შევიდეს და აღწეროს მომხდარი ფაქტები, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს თუ რა ჩაიდინა რუსეთმა. მისი თქმით, რუსეთი შეეცდება ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადენილი ძალადობის კვალი დაფაროს.

„ისინი ცდილობენ დაამახინჯონ ფატქები, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ მოატყუონ მთელი მსოფლიო“, – განაცხადა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, გაუგზავნოს მეტი იარაღი რუსულ ძალებთან საბრძოლველად.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი ოკუპანტების ჩვენი მიწა-წყლიდან რაც შეიძლება მალე განსადევნად, ჩვენი ქალაქების გასათავისუფლებლად. და ჩვენ აქამდე რომ მიგვეღო რაც გვესაჭიროებოდა – მთელი ეს თვითმფრინავები, ტანკები, საარტილერიო, ანტისარაკეტო და ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი, ჩვენ შევძლებდით გადაგვერჩინა ათასობით ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

guardian.ge