მსოფლიოს ახალი ამბები

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მიიღოს ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსი, ოღონდ უსაფრთხოების გარანტიების პირობებში

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ უკრაინას ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილება შეუძლია რეფერენდუმზე მიიღოს, რადგანაც კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების მიღებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. ამის შესახებ, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ზელენსკიმ რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.

„აუცილებელია უკრაინაში რეფერენდუმი გაიმართოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი რეფერენდუმის შესახებ… უსაფრთხოების გარანტიები გულისხმობს ნეიტრალურ სტატუსს, ეს კი საკონსტიტუციო ცვლილებაა… ერ ორი სესიაა. სხვაგვარად კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება. ორი სესია – ეს ერთი წელია. წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს?“

„რეფერნდუმი – უფრო სწრაფი ნაბიჯია, ვიდრე კონსტიტუციის ცვლილება. აი, რაზე ვლაპარაკობ. რუსულ მხარეს სჭირდება გარანტიები, რომ ეს მოხდება… რეფერენდუმი რამდენიმე თვეში ჩატარდება, ხოლო კონსტიტუციურ ცვლილებას მინიმუმ წელიწადი დასჭირდება”.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ლტოლვილებსაც შეეძლებათ რეფერენდუმზე ხმის მიცემა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა მზად არის წავიდეს ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსზე.

„ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ამაზე. ეს ყველაზე მთავარი პუნქტია. ეს იყო პირველი პრინციპული პუნქტი რუსეთის ფედერაციისთვის, რამდენადაც მახსოვს. და რამდენადაც მახსოვს, მათ ამისათვის დაიწყეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, „ეს არ იყოს კიდევ ერთი ქაღალდი, ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი“.

„ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ეს ქაღალდი გადაიქცეს სერიოზულ შეთანხმებად, რომელსაც ხელი მოეწერება იქ, სადაც უსაფრთხოების გარანტიების პუნქტები ყველა ამ უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების მიერ იქნება დაცული. ეს აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტორი ქვეყნების პარლამენტების მიერ, ეს მეორე საკითხი. და რეფერენდუმი აუცილებლად უნდა იყოს უკრაინაში“, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, ვიდრე უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარებია წარმოდგენილი.

„არავინ არასდროს, კონვენციიდან გამომდინარე, არ მიიღებს შედეგებს ამ რეფერენდუმის, თუკი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება ჯარი, ანდა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, ანდა სხვა ქვეყნის კანონიერი ფორმირება რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს შეუძლებელია“, – თქვა მან და დაამატა, რომ „ჯარები გაყვანილი უნდა იქნას და გარანტიებზე ყველამ უნდა მოაწეროს ხელი“.

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, საომარი მდგომარეობის პირობებში უკრაინის საერთო-ეროვნული ან ადგილობრივი დონის რეფერენდუმის ჩატარება აკრძალულია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ უკრაინას აქვს რეფერენდუმის ჩატარების უფლება, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის პირობებს დელეგაციები განიხილავენ.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ „დონბასისა და ყირიმის საკითხები განხილული და გადაწყვეტილი უნდა იყოს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

guardian.ge