საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: ქვეყანაში უსამართლობა გამეფდა, 31 ოქტომბერს ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ

31 ოქტომბერს ჩვენ, ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ამ ქვეყნის ჭეშმარიტო პატრიოტებო, მივესალმები მთელს საქართველოს დედაქალაქის გულიდან, თავისუფლების მოედნიდან. ეს მოედანი, ჩემო მეგობრებო, მრავალჯერ გამხდარა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების და ისტორიული დღეების ამსახველი, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ თავისუფლების მოედანზე, რათა გამოვაცხადოთ ჩვენი მყარი გადაწყვეტილება -31 ოქტომბერს ჩვენ, ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ.

ძალიან მძიმე რვა წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ გამეფდა ქვეყანაში უსამართლობა, როგორ დააჩოქა ივანიშვილმა ჩვენი სასამართლო, ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა და როგორ ჩამოიშალა ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში, ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილები და არ მივცემთ საშუალებას ოცდამეერთე საუკუნის ფეოდალს, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.

„მართლაც, ისტორიული არჩევნები გველოდება წინ, მეგობრებო. ახლა არის საჭირო ერთ მუშტად შეკვრა და ჩვენი ნების გამოხატვა და მჯერა, რომ ასე იქნება და ამის საფუძველს მაძლევთ თქვენ, ამდენი რომ ხართ შეკრებილი ამ მოედანზე. 31-ში როგორც ერთი, ისე ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გამოვხატოთ ჩვენი ურყევი ნება. ჩვენი მოსახლეობა ითხოვს ცვლილებებს, ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ცვლილებებს და ჩვენი მოსახლეობა აუცილებლად შეცვლის. გამარჯვებამდე დარჩა ორი დღე და დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც ორ დღეში, საღამოს რვა საათზე ისევ ერთად, აი ასე ხალხმრავლად, ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას“,- განაცხადა უდუმაშვილმა.