საქართველო

ზაალ უდუმაშვილი: ახლა რაც არ უნდა უბნები გავხსნათ და ბიულეტენები აქეთ-იქით ვთვალოთ, არჩევნების რეალური სურათი მაინც არ დაჯდება

ჩვენ ახლა რაც არ უნდა უბნები გავხსნათ და ბიულეტენები აქეთ-იქით ვთვალოთ, არჩევნების რეალური სურათი მაინც არ დაჯდება, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„აქ საქმე იმაში კი არ არის, რეალურად, ვინ რა ციფრი დაგვიწერა და ვის რა ციფრი დაეწერა, ჩვენ ვუყურებთ ზოგადად, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა. აქ ძალიან რთულია განსაზღვრო. დღეს რომ მოგეცეს საშუალება, უბნები გახსნა, დარწმუნებული ვარ, ვერ დაითვლი რეალურ ხმებს, სანამ საარჩევნო სიები არ გაიხსნება. კეთილი ინებონ, საარჩევნო სიები გახსნან და მაშინ გამოჩნდება რეალური სურათი, რამდენი ადამიანი იყო მიწერილი, რამდენი უცხოეთის მოქალაქეა მიწერილი, ვინ აწერდა ხელს სხვის მაგივრად და ასე შემდეგ. როცა ეს ყველაფერი გაიხსნება, შეიძლება, რეალური სურათი აღვიქვათ. ჩვენ ახლა რაც არ უნდა უბნები გავხსნათ და ბიულეტენები აქეთ-იქით ვთვალოთ, არჩევნების რეალური სურათი მაინც არ დაჯდება. იმიტომ, რომ აქ ისეთი ტოტალური გაყალბება იყო, ისეთი მასშტაბების, რომ თუ სულ ძირში არ ჩახვედი, ვერაფერს გაიგებ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.