მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს

ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა.

„მე წამოვაყენებ ჩემ კანდიდატურას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე“, განაცხადა პუტინმა ქარხანა „გაზ“-ში თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.

არჩევის შემთხვევაში, რაც პუტინის მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე სრულიად მოსალოდნელია, იგი პოსტზე 2024 წლამდე დარჩება, რადგან რუსეთში პრეზიდენტის თანამდებობაზე პირს 6 წლის ვადით ირჩევენ.

როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ოთხშაბათს, უფრო ადრე, პუტინს მოხალისეებმა „მოხალისის“ ფორუმზე, მოსკოვში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მონაწილეობას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე არჩევნებში კენჭისყრას ნებისმიერი ადამიანისთვის საპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებდა.

როგორც BBC წერს, პუტინი ბევრი რუსისთვის პოპულარულია და მას ძლიერ ლიდერად მიიჩნევენ, რომელმაც აღადგინა რუსეთის გლობალური მდგომარეობა სირიის სამოქალაქო ომში სამხედრო ინტერვენციით და უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიით, მაგრამ მისი კრიტიკოსები მას კორუფციის ხელშეწყობასა და ყირიმის არალეგალურ ანექსიაში სდებენ ბრალს.

პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე პირველად 2000 წლის მარტში აირჩიეს, 2004 წელს კი ის ხელმეორედ იქნა არჩეული სახელმწიფოს მეთაურად. 2008-2012 წლებში იგი რუსეთის პრემიერ მინისტრი იყო, ხოლო 2012 წელს ისევ პრეზიდენტად აირჩიეს.

GUARDIAN.GE