ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა ჯო ბაიდენი, რომ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება შესაძლოა ამერიკასთან ურთიერთობების სრული გაწყვეტის საფუძველი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ უკრაინის გამო ახალი სანქციების დაწესება შესაძლოა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სრული გაწყვეტის საწინდარი გახდეს.

სატელეფონი საუბრისას პუტინმა ბაიდენს უთხრა, რომ ამგვარი სანქციები „კოლოსალური შეცდომა“ იქნებოდა. ბაიდენმა კი თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს უკრაინაში ნებისმიერი შეჭრის შემთხვევაში.

სატელეფონო საუბარი, რომელიც რუსული მხარის თხოვნით შედგა, დეკემბერში უკვე მეორედ გაიმართა და საუბრის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი იყო.

უკრაინის ოფიციოზის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ამის მიუხედავად, კრემლი უარყოფს, რომ მას უკრაინაში შეჭრის გეგმები გააჩნია და აცხადებს, რომ ჯარები იქ – საკუთარ მიწა-წყალზე – წვრთნების ფარგლებში განათავსა, რისი კანონიერი უფლებაც გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა სატელეფონო საუბრისას ერთმანეთი გააფრთხილეს, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი „კმაყოფილი“ იყო საუბრით. მან დაამატა, რომ ამან „კარგი ფონი“ შექმნა მომავალი მოლაპარაკებებისთვის.

2022 წლის იანვარში, ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი.

GUARDIAN.GE