საქართველო

ვლადიმერ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა. „მე ამას ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე არ გავაკეთებდი“, უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს და დაამატა: „ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, საკუთარი თავი რაღაცად წარმოაჩინა. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი, ყველა ლაპარაკობს. ამ მხრივ, მან თავისას მიაღწია. შეუწყვიტეს უფლებამოსილება ორი თვით. ის გაემგზავრა დასასვენებლად, შემდეგ დაბრუნდება და განაგრძობს მუშაობას. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში ამას აპროტესტებენ. სწორედ ამ ადამიანების გამო, რუსეთსა და საქარველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის მე არ მოვიმოქმედებდი ისეთ რამეს, რაც ჩვენს ურთიერთობებს გაართულებდა“.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკთა მისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ საქმის აღძვრის იდეაზე.

„დიდი პატივია – აღიძრას რაიმე სახის სისხლის სამართლის საქმე. დაე, განაგრძოს შემდგომი სატელევიზიო საქმიანობა“, თქვა პუტინმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სამშაბათს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, რომ განეხიკა მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტის წინაშე წარმდგარიყო.

სახელმწიფო სათათბიროში აკონკრეტებდნენ, რომ ზომები შესაძლოა შეხებოდა ღვინისა და მინერალური სასმელების შეტანას, ასევე საფინანსო და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებს, ტურისტულ საქმიანობას და საბაჟო სფეროს.

რუსი კანონმდებლები ამის მიზეზად „უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციას“ ასახელებდნენ. დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ რადიკალური ქართული ძალების ღია თავდასხმები განაპირობებენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ დეგრადაციას.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა წინა დღით განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ პირველ ადგილს იკავებს და 2018 წელს გადარიცხულმა თანხამ 641 მილიონი დოლარი შეადგინა.

guardian.ge