ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება

რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის ივლისში, ავსტრიის დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდება განცხადებები ჟურნალისტებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა „ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას მისცემს კარგ იმპულსს“.

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, იმედი გამოხატა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე წამოწეული იქნება საკითხი რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვში პუტინთან გამართული მოლაპარაკებებისას რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების თემა არ განხილულა, თუმცა ეს საკითხი შესაძლოა ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე იყოს წამოწეული.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა დაუბრუნდეს დიდ შვიდეულს, რომელიც მანამდე დიდი რვიანი იყო.

საინტერესოა რა ადგილს დაიკავებს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებისას უკრაინის თემა მას შემდეგ რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უხეშად დაარღვია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ეს მანამდე გააკეთა საქართველოში 2008 წელს ორი ქართული რეგიონის – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით.

იმის გათვალისწინებით, რომ კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა, ყირიმის თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ყირიმის ანექსიაში ბარაქ ობამას დასდო ბრალი და განაცხადა, რომ „რუსეთს მან მისცა საშუალება, რომ წაეღო ყირიმი“, ნაკლებად სავარაუდოა, ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების აუცილებლობაზე გააკეთოს რაიმე აქცენტი.

„თქვენ ეს ობამას უნდა ჰკითხოთ, რადგან ის იყო ის, ვინც ყირიმის გადაცემის ნება დართო“, თქვა ტრამპმა ყირიმის ანექსიაზე დასმული შეკითხვის – უნდა იყოს თუ არა ყირიმი აღიარებული რუსეთის ტერიტორიად? – პასუხად. „ობამას შეუძლია თქვას ყველაფერი რაც უნდა, მაგრამ მან მისცა საშუალება რუსეთს, წაეღო ყირიმი. მე შესაძლოა, დიდად განსხვავებული პოზიცია და დამოკიდებულება მქონოდა. თქვენ ამ კითხვით შეგიძლიათ ობამას მიმართოთ. რატომ გააკეთა მან ეს? რატომ გააკეთა მან ეს? მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მოხდა“, განაცხადა ტრამპმა. (დაბლა ვიდეოში მე-14:52 წუთიდან)

 

როგორც ოაბამას ადმინისიტრაციის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა CNN -ს უთხრა, „დღევანდელი დღე ზუსტად ახდენს იმის კრისტალიზებას, თუ რატომ იყო პუტინი ასე საოცრად მოწადინებული იმისათვის, რომ ტრამპი აერჩიათ“.

guardian.ge