მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ აშშ იტალიის მსგავს ტრაექტორიაზე იმყოფება

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 884 შეადგინა, საერთო ჯამში კი 5 100-ს გადააჭარბა და მსხვერპლის რაოდენობა ზრდას განაგრძობს, იტყობინება BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით, ოთხშაბათის გვიან ღამის (აშშ-ის დროით) მონაცემების მიხედვით. ბოლო 24 საათში გარდაცვლითა შორის 6 კვირის ჩვილიცაა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობით და ბოლო მონაცემებით ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 216 000-ზე მეტია.

ამ ფონზე კი, როგორც ამას „The Washington Post“-ი წერს, სამედიცინო მოწყობილობების და დამცავი აღჭურვილობების რეზერვები ფედერალურ მთავრობას თითქმის ამოწურული აქვს.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ადეკვატური სამედიცინო აღჭურვილობების შესაძენად $16 მილიარდი აქვს გამოყოფილი.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ როგორც ჩანს, აშშ იტალიის მსგავს ტრაექტორიაზე იმყოფება, სადაც კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 13 000-ზე მეტი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები, რომ წინ „მტკივნეული“ დღეები ელოდებათ. როგორც BBC იუწყება, წინასწარი გათვლებით და შეფასებებით კორონავირუსმა შესაძლოა 250 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში.

„ეს იქნება ძალიან მტკივნეული – ძალიან, ძალიან მტკივნეული ორი კვირა“, განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში სამშაბათს, აღწერა რა პანდემია, როგორც „ჭირი“.

„მინდა ყველა ამერიკელი მზად იყოს მძიმე დღეებისთვის, რომელიც წინ გველოდება“, განცხადა ტრამპმა.

თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ წინასწარი გათვლებით „კოვიდ-19“-ისგან შესაძლოა 100 000-დან 240 000-მდე ამერიკელი მოკვდეს.

აშშ-ის კორონავირუსის კოორდინატორმა დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ წინასწარი გათვლები დაფუძნებულია იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი არ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ კორონავირუსის შესაჩერებლად.

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა და იმედი გვაქვს ყოველდღიურად, რომ შეგვიძლია უკეთესი შედეგით გამოვიდეთ, ვიდრე ეს გათვლებია“, აღნიშნა მან, თუმცა დებორა ბირქსმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ უარესი შემთხვევების სცენარიც არსებობს  – 1,5 მილიონიდან 2.2 მილიონამდე ამერიკელის სიკვდილი.

აშშ-ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამერიკელები მზად უნდა იყვნენ, რომ ქვეყანაში სულ მცირე 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ვირუსს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი ამდენს არ მიაღწევს და გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე 100 000. „მაგრამ ვიყოთ რეალისტები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი თავები… ეს რთული იქნება – არავინ დავობს, რომ ჩვენ ახლა, ამ წუთებში ძალიან მძიმე დროების მომსწრე ვართ“, თქვა ფაუჩიმ.

GUARDIAN.GE