საქართველო

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს მომხმარებლების ვალდებულებები

საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა, შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს, – ამის შესახებ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს მომხმარებლების ვალდებულებები.

ამასთან, როგორც ბანკში განმარტავენ, დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას.

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ლიდერი ბანკი საქართველოში და ბანკებს შორის, საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, როგორც ფინანსურად, ასევე იურიდიულად. ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ. ლარის სუბორდინირებული სესხები სათაო ბანკიდან და, შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების, პირველი თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-ს, რომელიც თანხობრივად 565 მლნ. ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს. ამასთან, ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის, უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.

გვინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არც ერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს“, – აღნიშნავენ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის „ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.