საქართველო

[ვიდეო] ნიკა მელია: გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა გახარიამ 1,5 მილიონ ადამიანს უთხრა – „ხვიშტიო“

(GUARDIAN.GE) – „უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რა ტყუილი არ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან. რა ფუჭი დაპირება არ გაუცია მილიარდერს და მის ხელისუფლებას საზოგადოებისთვის – დაწყებული 5 მილიონით თითოეულ სოფელს, გაგრძელებული უფასო ფულით და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ის, რაც გუშინ მათ იკადრეს, არ უკადრებიათ გუშინდელ დღემდე არასოდეს – ერთი საკუთარი თავისთვისაც და მეორე, რაც ყველაზე მტკივნეულად არის აღსაქმელი, საზოგადოებისთვის“, ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პარასკევს წარდგენილ ანტიკრიზისულ პროგრამას.

„თუმცა სამართლიანობისთვის მინდა ვთქვა, რომ გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა გახარიამ არ მოატყუილა ყველა, არ მოატყუილა ყველა იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი საზოგადოების ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია, არც კი უხსენებია, სათვალავში არც კი ჩააგდო და შესაბამისად, ვერც კი მოატყუილებდა. ეს არის ენით აღუწერელი კადნიერება, რაც გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა გახარიამ აკადრა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. და რა არის ის დიდი ტყული, რაც აქამდე მათაც კი არ უკადრებიათ?! გუშინ მთელი ერთი საათის განმავლობაში ბატონი გახარია საუბრობდა, ციფრებზე, პროცენტებზე, რიცხვებზე, შავი გაასაღა თეთრად, პირველი კაცი ბოლოდ, ბოლო პირველად და ა.შ. და თურმე არ ჰქონია ამ ყველაფრის საუბრის საფუძველი – არ ჰქონდათ და არ აქვთ და მინიმუმ ერთი თვე არ ექნებათ, როგორც თავად განაცხადეს, ბიუჯეტი. საგანგებო ბიუჯეტი არ არის. სად არის ის ყბადაღებული 3,5 მილიარდი ლარი, არ არის 3,5 მილიარდი ლარი, არ არსებობს. თავიდან ბოლომდე გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა, მეტი არაფერი.

„კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან. ძვირფასო ხელისუფლებავ, თქვენ ამოიღეთ, ამოშალეთ, ამოშანთეთ საერთოდ მოსახლეობის რიგებიდან სოფლად მცხოვრები ადამიანები? ანუ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს აღარ თვლით ადამიანებად? სასოფლო დასახლებებში 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არც ერთი სიტყვით თქვენ გუშინ არ გიხსენებიათ ისინი, არადა როგორც არასოდეს, ისე სჭირდება სასოფლო დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება და როგორც არასოდეს, დღეს სჭირდება გლეხს შეხიდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოიყვანოს. და სად არის აგროვაუჩერები, რომელზეც ოპოზიციაში ყოფნისას საუბრობდით და რა უთხარით გუშინ საზოგადოების მილიონ ნახევარ წარმომადგენელს? არაფერიო – „ხვიშტიო“ ასე უთხარით“, განაცხადა ნიკა მელიამ.