მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ „სამხედრო გადატრიალების“ აღკვეთისთვის შეიარაღებულ ძალებს ქება-დიდება შეასხა

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქება-დიდება შეასხა შეიარაღებულ ძალებს იმისათვის, რომ მისი ერთგულები დარჩნენ და დაამარცხეს „სამხედრო გადატრიალება“, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ედგა სათავეში.

დემონსტრაციაზე მადურომ ასევე ბრალი დასდო ოპოზიციას „კიბერ თავდასხმების“ შედეგად ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვაში.

მირაფლორის საპრეზიდენტო სასახლის გარეთ სიტყვით გამოსვლისას მადურომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს ამერიკის შეერთებული შტატების „მასხარა და თოჯინა“ უწოდა.

„მათ მიიპატიჟეს შეიარაღებული ძალები, რომ სამხედრო გადატრიალება მოეხდინათ და მათი პასუხი მკაფიო იყო – მათ დაამარცხეს სამხედროს გადატრიალებაში ჩართული შეთქმულები“, განაცხადა მადურომ.

ვენესუელას პრეზიდენტის კომენტარებს წინ უძღოდა ქვეყანაში ოპოზიციური და პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მოწყობილი გამოსვლები.

ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში გუაიდოს მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის ხსნარი გამოიყენეს.

მომიტინგეებისადმი მიმართვისას ხუან გუაიდომ გამოაცხადა, რომ იგი ქვეყნის მასშტაბით მოაწყობს ტურს, რომ შეკრიბოს ხალხი და კარაკასში „ძალიან მალე“ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციაზე დასასწრებად ჩაიყვანოს.

„ჩვენ ყველანი, მთელი ვენესუელა კარაკასში მოვიყრით თავს, რადგან ჩვენ გვჭირდება ყველა მათგანის ერთობა“, განაცხადა გუაიდომ.

ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა და მისადმი მხარდაჭერა შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ლათინური ამერიკის არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ – ჯამშში 50-ზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა, თუმცა რუსეთის, ჩინეთის და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ნიკოლას მადურო, რომელსაც ზურგს სამხედრო ძალები უმაგრებენ, ამ დრომდე ინარჩუნებს ძალაუფლებას და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

guardian.ge