მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ვაშინგტონში პოლიციამ 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს

ვაშინგტონში დააპატიმრეს ასეულობით პროტესტანტი, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს.

„რესპუბლიკელებმა“ გამოაცხადეს, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ანგარიშმა ბრეტ კავანო სექსუალური შევიწროების ბრალდებებში გაამართლა, მაგრამ „დემოკრატებმა განაცხადეს, რომ 5-დღიანი გამოძიება „არ არის სრულყოფილი“, რადგან ის თეთრი სახლის მიერ იყო შეზღუდული.

სენატში კავანოს დასამტკიცებლად პროცედურული კენჭისყრა პარასკევს გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მან სენატის „რესპუბლიკელი“ წევრებისგან სრული მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ხუთშაბათს ორმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რომელთა მხარდაჭერაც არსებითი იყო, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მოხსენება პოზიტიურად შეაფასეს.

თუკი ტრამპის მიერ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის უვადო თანამდებობაზე წარდგენილი კავანოს კანდიდატურა დამტკიცდება, მოელიან, რომ 53 წლის თემიდას მსახური დაეხმარება კონსერვატორებს 9 წევრისგან შემდგარ პანელში, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეთქმის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, იარაღის კონტროლი და საარჩევნო წესები.

კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად, მოსამართლე კავანომ დაიცვა თავისი ნეიტრალურობა „უოლ სთრით ჯორნალ“-ის სარედაქციო გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით – „მე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მოსამართლე ვარ“.

რა მოხდა საპროტესტო აქციაზე?

ათასობით, ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა დემონსტრანტმა მოაწყო მარშირება ამერიკის დედაქალაქში ხუთშაბათს. მათი მსვლელობა სააპელაციო სასამრთლოდან დაიწყო, სადაც კავანო ამჟამად თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობს.

ამის შემდეგ მსვლელობა კაპიტოლ ჰილისკენ წარიმართა და ბოლოს უზენაეს სასამრთლოსთან გაგრძელდა, სადაც დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ: „კავანო უნდა წავიდეს!“

პოლიციამ წრე შემოარტყა პროტესტანტებს სენატის შენობასთან მას შემდეგ, რაც ისინი იქ ჩამოჯდნენ და უარი განაცხადეს ფეხი მოეცალათ იქიდან.

პოლიციის ცნობით, საერთო ჯამში 302 ადამიანია დაკავებული, მათ შორის კომედიანტი ემი შუმერი და მოდელი ემილი რატაჯკოვსკი.

პროტესტი გამოხატეს ასევე ნიუ იორკშიც, „ტრამპ თაუერის“ შენობის წინ.

guardian.ge