საქართველო

ვარკეთილში დაკავებულ მამაკაცს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში დაკავებულ მამაკაცს, ალექსანდრე ივანოვს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ ბრალდებულს განუცხადა, რომ საჭიროა, შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა მოხდება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და გამოყენებული იყოს პატიმრობა. ბრალდებული მოათავსონ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. სასამართლო იძულებულია, გამოიყენოს ყველაზე მკაცრი სასჯელის ფორმა. ეს დროებითი ღონისიძიებაა. გაგრძელდება გამოძიება ამ პერიოდში და აუცილებელიცაა, ექსპერტიზების დანიშვნა. შესაძლებელია, მკურნალობა დაგჭირდეთ ამ ფონზე. მშვიდად იყავით, ცხოვრება არ სრულდება, 45 წლის ახალგაზრდა კაცი ხართ. მშვიდად მიყევით ამ ცხოვრებას, მე თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.

„ძალიან მრცხვენია. დედა რეციდივისტზე გათხოვდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს აღზრდაში, მე ხან დალურჯებული ვიყავი, სულ შიშში გავატარე ბავშვობა, ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ. ვიცოდი, რომ ჩემთვის დალევა არ შეიძლებოდა მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა ყველაფერი. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი“, – განაცხადა ბრალდებულმა ალექსანდრე ივანოვმა.

ვარკეთილის მესამე მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად მამაკაცი დააკავეს, რომელიც უმისამართოდ  ისროდა.