საქართველო

ვანო მერაბიშვილი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა – „ეს პატიმარი სიკვდილმისჯილია? თუ საქართველოში ვერ დგება დიაგნოზი, არ შეიძლება გაიგზავნოს უცხოეთში?“

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისმა მოძღვარმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ „ადრე ყოჩაღად იყო და სპორტულად, ახლა დავუკვირდი, თვალი დაპატარავებული აქვს, ფერი დაკარგული, მაგრამ ისე არ არის, ვერ იცნოთ“.

„ძალიან შევშფოთდი. ხშირად დავდივარ ვანოსთან, რამდენიმე წელია და წუწუნი ან ჯანმრთელობაზე ლაპარაკი მას საერთოდ არ სჩვევია. მე რაც გუშინ მოვისმინე, ფაქტობრივად ყველაფერი გაიმეორა და დაადასტურა. თქვა, რომ ნამდვილად ასეა. თვალს რაც შეეხება, ნამდვილად ჩაწეული აქვს. გუშინ გადაჭარბებულად კი თქვეს, ვერ იცნობო. იცნობ ნამდვილად, მაგრამ თვალი ჩაწეული აქვს. მარჯვენა თვალი აქვს უკან ჩაწეული. თავად თქვა, არ ვიცი ეს ჰორნერის სინდრომი რას ნიშნავსო“, აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

მისი თქმით, თვეზე მეტია, იკვლევენ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობას და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი.

„გამომწვევი მიზეზები სავარაუდოდ შეიძლება იყოს სიმსივნე. ეს ფილტვი შეიძლება იყოს. შეიძლება ტვინში იყოს რაღაც, მაგრამ არ ჩანს. თავად ამბობს, რომ დიაგნოზი ვერ დაუდგინეს. მეორე მიზეზი შესაძლოა, ინტოქსიკაცია იყოს. თვითონ ციხეში ძალიან კარგად ექცევიან. მთავარი აქ სხვა რამეა. თავად ღირსეულად იქცევა ციხეში. სულ ვსაუბრობთ და ერთხელ მომიყვა, რიჩარდ ლომგული როგორ იყო ციხეში. ასე რომ ვგრძნობ, მომწამლესო, ასეთი რამე არ არის. გეუბნებით, სამედიცინო ჩვენების მიხედვით გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია. ასე არ არის ლაპარაკი, რომ ვინმეს შეიძლებოდა მოეწამლა. ამაზე არ არის ლაპარაკი“, განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა, რომელიც ვანო მერაბიშვილზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე საუბრობს და აინტერესებს , „ეს პატიმარი სიკვდილმისჯილია?“

„მე ამდენი წელია, ვერ გავიგე, რატომ ზის ციხეში, დადგენილი არ არის. გარდა ამისა, პოლიტიკური პატიმარია, რადგან მე-18 მუხლით ექვსი ადამიანი გამართლდა მთელ დედამიწაზე სტრასბურგის მიერ. მე მაინტერესებს, ეს პატიმარი სიკვდილმისჯილია? თუ საქართველოში ვერ დგება დიაგნოზი, ფაქტია ვერ დაადგინეს, სიმპტომებიც არის, ფაქტია, უდოც დიდი ხანია ეხება, არ შეიძლება გაიგზავნოს უცხოეთში? დავადგინოთ. მე ვიყავი ორი-სამი კვირის წინ და ავადმყოფობაზე სიტყვა არ დასცდენია. გამოვკთხე და ამბობს, რომ მკურნალობას არ აქვს შედეგი. ადრე ყოჩაღად იყო და სპორტულად, ახლა დავუკვირდი, თვალი დაპატარავებული აქვს, ფერი დაკარგული, მაგრამ ისე არ არის, ვერ იცნოთ“, აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

guardian.ge