საქართველო

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

დილიდან სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტობანიერის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აღავლინა, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

წირვის დასრულების შემდეგ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აკურთხა სახლ-მუზეუმი. მოგვიანებით მუზეუმის ეზოში კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას კალისტრატე ცინცაძის ნათესავებიც დაესწრნენ.

კონცერტის დაწყებამდე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კალისტრატე ცინცაძის ძმისშვილის შვილმა, მიშა ქავთრიამ და მუზეუმის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მშობლიურ სოფელ ტობანიერში, სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მოხდა.

კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს სოფელ ტობანიერში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. იგი უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს.

1925 წლის პირველ ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსმა დეკანოზ კალისტრატეს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათალიკოს-პატრიარქის მუდმივ თანამოსაყდრედ, მაგრამ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებით და წაქეზებით 1926 წელ 26 დეკემბერს მოწვეულ საეკლესიო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კათოლიკოს ამბროსის და მისი მომხრეების გადაყენების გამო კალისტრატემ უარი თქვა მოსაყდრეობაზე.

1927 წელს კი ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გახდა. კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ს გარდაცვალების შემდეგ 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე კალისტრატე ცინცაძე არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“. მის კალამს ეკუთვნის ასევე მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევები და წერილები, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.