საქართველო

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს, თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი უცხო ქვეყნისათვის თავშესაფრის თხოვნას არ გამორიცხავს, თუკი საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდება. მან აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.

მეუფე ანტონი, რომელიც რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომისა და ეკლესიისა და მღვდელთმთავრებისადმი სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებამ გააღიზიანა, ამბობს, რომ „ამ ქალბატონის“ გაპრეზიდენტება სახიფათოა და დაუშვებელია.

“მე ვიცი, რომ [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი არ გახდება, თუ გახდება, ვეცდები სწრაფად დავტოვო საქართველო და აღარ ვიცხოვრო აქ, იმიტომ რომ ვიცი მომიწევს რაღაც ისეთების გაკეთება, რაც არ შეეფერება ჩემს სახელს და ჩემს ყოფას. მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის სავსებით მიუღებელია. მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც ასეთი აზროვნება იქნება”, განაცხადა მეუფე ანტონმა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი განსაკუთრებით იმით არის აღშფოთებული, რომ ზურაბიშვილმა ახალაშენებულ ეკლესიებს „უსახური“ უწოდა. მეუფე აცხადებს, რომ ყველა ახალაშენებულ ეკლესიას არქიტექტურული სამსახურის შესაბამისი დასკვნები უმაგრებს ზურგს და ასე ხელაღებით მათი „უსახურად“ გამოცხადება ყოვლად მიუღებელია.

guardian.ge