საქართველო

ვაკეში სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ადამიანების ჯგუფს დაეჯახა – დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები. დაშავებულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.