საქართველო

ვაზიანში V საარტილერიო ბრიგადის იუბილე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალების V საარტილერიო ბრიგადა 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობამ და პირადმა შემადგენლობამ იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.
არტილერისტებს ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცა და წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1991 წლის იანვარში არტილერისტებისგან შეიკრიბა მოხალისეთა ჯგუფი და შეიქმნა პირველი საარტილერიო ქვედანაყოფი. 1992 წლის 1 მარტს შეიქმნა ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1993 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით, საარტილერიო პოლკი რეფორმირებული იქნა I საარტილერიო ბრიგადად, ამ დღიდან მოყოლებული 10 ნოემბერი თავდაცვის ძალებში აღინიშნება, როგორც საარტილერიო ბრიგადის შექმნის დღე.
2018 წლის ივნისში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგად I საარტილერიო ბრიგადა ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად. ქვედანაყოფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.
საზეიმო ღონისძიება კონცერტით დასრულდა.